სასკოლო განათლება

განათლების პროცესში ჩვეულებრივ მოიაზრებენ ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ეტაპს პირველი ეს არის სასკოლო განათლება, ხოლო მეორე პროფესიონალის ჩამოყალიბება. მეორე ეტაპის ძირითადი მიზანია ცოდნის გადაცემა და ამის შედეგად სპეციალობის შეძენა, პროფესიონალად ჩამოყალიბება.

პირველი ეტაპის დროსაც ხდება ცოდნის გადაცემა, მაგრამ ეს არ არის წამყვანი. სასკოლო განათლების ძირითადი მიზანია
- საჭირო ჩვევათა დამკვიდრება
- უნართა განვითარება, განსაკუთრებით აზროვნების უნარის განვითარება
- დახმარება შეხედულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში
- საჭირო ცოდნის ათვისება და დამახსოვრება

არც ერთი ამ ჩამოთვლილთაგანი არ შესრლულდება გარკვეული ცოდნის გადაცემის გარეშე. მაგრამ ცოდნის გადაცემა არ არის თვითმიზანი (მეოთხეშიც კი გაცილებით მნიშვნელოვანია ცოდნის ათვისების, მიღების უნარის განვითარება. რასაკვირველია საყურდღებოა ის ცოდნაც რომელსაც გადასცემ). ცოდნის ის მოცულობა, ის მასალა ძირითადად შეირჩევა არა მარტო მისი ღირებულების ან შემდგომი საჭიროების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით თუ ეს მასალა რაოდენ ეხმარება არჩეული ჩვევის დამკვიდრებას ან საჭირო უნარის განვითარებას. სწავლების შედეგი სწორედ ჩვევის დამკვიდრება ან უნარის განვითარებაა და არა მარტო გადაცემული ცოდნის ათვისება ან დამახსოვრება. ეს უკანასკნელი ზოგ შემთხვევაში საჭიროც კი არ არის. ცხოვრებაში საჭირო ცოდნის ნაწილს კი ორმაგი დატვირთვა აქვს, ის ზემოთ ჩამოთვლილ მიზანს ემსახურება და მისი დამახსოვრებაც საჭიროა.

ეს არის ის ძირითადი რაც ამ პერიოდს ანსხვავებს სპეციალობის შეწავლისაგან. ეს განსხვავება ძირითადად გააზრებულია ცივილიზებული სამყაროს მიერ და სათანადო სისტემებიც ჩამოყალიბებულია. ამაში შეიძლება დავრწმუნდეთ ცივილიზებული ქვეყნების სათანადო დოკუმენტაციის გაცნობისას. არც ერთ მათგანში სხვაგვარი მოსაზრება არ შემხვედრია. განსხვავება მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის გზებშია, სასკოლო განათლების სისტემის აგებაშია.

სასკოლო განათლების სისტემის მჭიდრო მიბმა ცოდნის გადაცემასთან, მისი სულ სხვა მიზნით გამოყენება არის საბჭოური образование-ს ერთ ერთი მიგნება. ამით დაიმალა სასკოლო განათლების ძირითადი დანიშნულება: ჩვევათა დამკვიდრება, უნართა განვითარება, შეხედულებათა ჩამოყალიბება, პიროვნების აღზრდა. საბჭოური სკოლა ძირითადად იყო კომუნისტური პროპაგანდის ადგილი, საკმაოდ კარგად ორგანიზებული და შენიღბული ვითომდა მაღალი ცოდნის გადაცემის იდეით. გავიხსენოთ ლოზუნგი "учиться, учиться и учиться". თვით ეს ფრაზა სხვადანიშნულებით ითქვა, მაგრამ ლოზუნგად გადაიქცა სწორედაც პროპაგანდისტული მიზნით, ანუ დაიმახსოვრე რასაც გეუბნებიან. შეხედულებად აპრიორი აღიარებული იყო ლენინიზმი, ჩვევად ვითარდებოდა სიხისტე, გონებრივი უნარი და აზროვნება უნდა დაჩაგრულიყო. ამ ტაქტიკურმა ილეთმა შედეგი მოიტანა: უმეტესობამ შეიძინა რის დანერგვასაც ცდილობდნენ და ცხოვრებაშიც ხისტად გაატარა. მართვისათვის საჭირო ადამიანებიც მათ შორის იყო. ზოგიერთმა თავი ვერ გაართვა დამახსოვრებასაც, საკუთარი თავი ჩათვალა უნიჭოდ და კომპლექსებით დატვირთულმა იცხოვრა. მოსახლეობის ამ ნაწილის მართვა საკმაოდ მარტივი იყო. მცირე რაოდენობამ ცოდნა შეიძინა (ძირითადად საბუნებისმეტყველო) და გამოადგა კომუნისტებს შეიარაღების შექმნაში. ეს შედეგი საზოგადოებრივი მენტალიტეტის სახით დღესაც ჩვენს გვერდითაა. ეს მენტალიტეტი გამჯდარია ერის დიდ ნაწილში. სამწუხაროდ, ეს მიდგომა დარჩა და დღესაც მოქმედებს, უბრალოდ ტერმინები შეიცვალა და სხვა არაფერი.

ყოველივე ამას დანახვა, გააზრება და მისი სერიოზული განათლების სისტემით შეცვლა სჭირდება. ეს საზოგადოებამ, ერმა უნდა გააკეთოს. ერმა უნდა შექმნას საჭირო განათლების სისტემა და არა სახელმწიფომ. ერი ქმნის სხვადასხვა ტიპის სკოლას განათლების თაობაზე და მის მეთოდოლოგიაზე არესბულ შეხედულებათა თანახმად. განათლების სისტემის ფორმირების პროცესი არ არის სახელმწიფოს მონოპოლიური საქმიანობა. ის, სახელმწიფო ამ პროცესში ბუნებრივია მონაწილეობს. რასაკვირველია, სახელმწიფო როგორც ერის უძლიერესი ორგანიზაცია, ამ საქმეში მონაწილეობა უნდა მიიღოს, მაგრამ მხოლოდ მონაწილეობა და არა ხელმძღვანელობა. ამავე დროს საკუთარი, სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი მიზნის მიღწევის დანიშნულებით. ეს მიზანია წესიერ, მოაზროვნე მოქალაქეთა რაოდენობის გაზრდა.

სასკოლო განათლების სისტემაში მასწავლებელს გაცილებით დიდი როლი აკისრია, ვიდრე სპეციალური ცოდნის გადაცემის სისტემაში. ამ მეორე სისტემაში უამრავი დამხმარე საშუალება არსებობს: წიგნი, ინტერნეტი, შრომა და სხვა. სკოლაში ჩვევის დამკვიდრებაში, უნარის განვითარებაში, შეხედულების ჩამოყალიბებაში ერთადერთი დამხმარეა მასწავლებელი, ყოველივე დანარჩენი: წიგნი, დაფა, ცარცი, საკლასო ოთახი მასწავლებელთან შედარებით მეორეხარისხოვანია. ეს ასე არ არის სპეციალური ცოდნის გადაცემის სისტემაში, რადგან იქ უკვე სტუდენტია და არა მოსწავლე, ის უკვე თვით არის ჩევისა და უნარის მატარებელი სუბიექტი. მას ბევრი რამ ხემძღვანელობის გარეშეც შეუძლია.

სასკოლო განათლების მოგვარება გადაუდებელი საჭიროებაა. მისი მოგვარების დაყოვნება ერს კატასტროფით ემუქრება. ეს არ არის უკვე სახელმწიფოს არსებობის პრობლემა, ეს უკვე ერის არსებობის პრობლემაა. პატრიოტიზმი, ანუ საკუთარი ერის და სამშობლოს სიყვარული შეხედულებათა სისტემის ნაწილია და მისი გაცნობიერება სწორედაც რომ სასკოლო განათლების საქმეა.

სასკოლო განათლების სისტემის ერთეულია სკოლა. ამ ერთეულს, სკოლას სახელმწიფოც, საზოგადოებაც და მშობელიც უყენებს გარკევეულ მოთხოვნას. მშობლის მოთხოვნა გაცილებით დიდი და ფართო უნდა იყოს ვიდრე სახელმწიფოს მოთხოვნა. სახელმწიფო სკოლისგან ერთადერთ რამეს მოითხოვს, სკოლამ მოქალაქე უნდა აღზარდოს. ამისათვის აფინანსებს სახელმწიფო სასკოლო განათლების სისტემას. ამ მოთხოვნიდან გამომდინარეობს სკოლის კონტროლის მიზანიც და საჭიროებაც.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, რომ სასკოლო განათლების სისტემა მასწავლებელზე დაყრდნობით უნდა აიგოს, მასწავლებელზე უნდა იყოს აქცენტი. სახელმწიფომაც ძირითადად მასწავლებელზე უნდა იზრუნოს, ანუ ისეთ ადამანიაზე რომელსაც შეუძლია საჭირო მიზნის მიღწევა. მასწავლებლობის უპირველესი პირობა (დანახული სახელმწიფოს მხრიდან): მასწავლებელი უნდა იყოს მოქალაქე. ეს ნიშნავს იყოს პატიოსანი, აზროვნების უნარიანი, ზრუნავდეს სახელმწიფოზე, რაც თავის თავად მის მიერ ხელისუფლების კონტროლს ნიშნავს.

გავიხსენოთ საბერძნეთი: რიტორიკა, მათემატიკა, გიმნასტიკა, მუსიკა. ანუ აზრის გაგებისა და გადმოცემის უნარი, მსჯელობის უნარი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ხელოვნება. მუსიკა უმაღლესი ხელოვნებაა, მხოლოდ ბგერით ემოციის, თუ გნებავთ აზრის გადმოცემა.