სკოლა და სახელმწიფო

არსებობს ქვეყანა საქართველო და არსებობს ქართველი ერი (ქართველ ერში ვგულისხმობ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, მისი ეთნიკური წარმოშობის განურჩევლად, საქართველოს მოქალაქეებს). არსებობს მეცნიერება, არსებობს ხელოვნება, არსებობს სპორტი და ბევრი სხვა რამ. ამ ქვეყანაში, საქართველოში არსებობს ორგანიზაცია იმავე სახელით, სახელმწიფო საქართველო. ამ ორგანიზაციას დავალებული აქვს იზრუნოს ქვეყანა საქართველოზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ერზე, წესრიგზე ამ ქვეყანაში. ამ ორგანიზაციას არ ევალება იზრუნოს მსოფლიოში მეცნიერების განვითარებაზე, მუსიკის განვითარებაზე, ბატუტზე ხტომის განვითარებაზე და ამგვარ რამეებზე, ამისათვის სხვა ორგანიზაციებია შექმნილი. მაგრამ ქვეყანაზე ზრუნვა მოითხოვს გარკვევას რა მიმართებაა ქვეყანა საქართველოსა და ფეხბურთს შორის, რა მიმართებაა ქვეყანა საქართველოსა და მეცნიერებას შორის და ასე შემდეგ. ამ მიმართების გარკვევის შემდეგ, საქართველოზე ზრუნვის ვალდებულებიდან გამომდინარე და არა თვით მეცნიერებაზე ზრუნვის სურვილიდან გამომდინარე, მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილება, როგორ ვიმოქმედოთ. სახელმწიფო საქართველო თვით მეცნიერებაზე ზრუნვის ვალდებულებას ვერ აიღებს, ამისათვის მას, სახელმწიფოს არავითარი რესურსი არა აქვს. ამ ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქე ჩაბმულია მეცნიერებაში და ზრუნავს კიდევაც მის განვითარებაზე, საკმაოდ ნაყოფიერადაც, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოს ვალდებულება. სახელმწიფოს დამოკიდებულება მეცნიერებისადმი, ასევე ყველა სხვა დარგისადმი, გამომდინარეობს ქვეყნისათვის დარგის საჭიროებიდან. კონცეფციის "საქართველო და მეცნიერება" არსი სწორედაც ეს უნდა იყოს, ანუ რა ტიპის, რომელი დარგის მხარდაჭერაა სასარგებლო ქვეყანა საქართველოსათვის.

სულ სხვა ვითარებაა სასკოლო განათლების მიმართ. ეს დარგი ემსახურება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ერთობლიობას. ეს კი ნიშნავს, რომ სასკოლო განათლება ემსახურება თვით ერის და ქვეყნის მომავალს. ამ დარგზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა უკვე მთლიანად სახელმწიფოს ვალდებულებაა. ეს ქვეყნის არსებობაზე, მის მომავლზე ზრუნვაა. ერის საუკეთესო ნაწილი სწორედ ამ დარგს უნდა ემსახურებოდეს. მასწავლებელი უნდა გახდეს ერის წამყვანი ელიტა. თუ ამას მოვახერხებთ საქართველო ღირსეულად იარსებებს.

მიღებული მემკვიდრეობა
ზოგადი განათლების სისტემის მიბმა ცოდნის გადაცემის სპეციალურ სისტემასთან არის საბჭოური образование-ს ერთ ერთი მიგნება. ამით დაიმალა ზოგადი განათლების ძირითადი დანიშნულება: ჩვევათა დამკვიდრება, უნართა განვითარება, შეხედულებათა ჩამოყალიბება. საბჭოური სკოლა ძირითადად იყო კომუნისტური შეხედულებების პროპაგანდის ადგილი, საკმაოდ კარგად ორგანიზებული და შენიღბული ვითომდა მაღალი ცოდნის გადაცემის იდეით. სასწავლო პროგრამები, იმდენად გადატვირთეს, რომ ადამიანს ტვინში, დამოუკიდებელი აზროვნებისათვის თავისუფალი ადგილი არ დარჩენოდა. მხოლოდ განათლების ასეთი სისტემით იყო შესაძლებელი, მორჩილი და ნაწილობრივ კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. გავიხსენოთ ლოზუნგი "учиться, учиться и учиться", ანუ დაიმახსოვრე რასაც გეუბნებიან. შეხედულებად აპრიორი აღიარებული იყო ლენინიზმი, ჩვევად ვითარდებოდა სიხისტე, გონებრივი უნარი და აზროვნება უნდა დაჩაგრულიყო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დარჩა და დღესაც მოქმედებს, უბრალოდ ტერმინები შეიცვალა და სხვა არაფერი.

ამ ტაქტიკურმა ილეთმა შედეგი მოიტანა:
ბევრმა თავი ვერ გაართვა დამახსოვრებასაც და საკუთარი თავი ჩათვალა უნიჭოდ და კომპლექსებში გაატარა ცხოვრება. მოსახლეობის ამ ნაწილის მართვა მარტივი იყო. ბევრმა დაიმახსოვრა რასაც ეუბნებოდენ და ხისტად გაატარა ცხოვრებაში. თვით მართვისათვის საჭირო ადამიანები მათ შორის იყო. მცირე რაოდენობამ მართლაც ცოდნა შეიძინა (არა ბოლომდე გააზრებული, მხოლოდ ინფორმაციის დონეზე. ძირითადად საბუნებისმეტყველო) და გამოადგა კომუნისტებს შეიარაღების შექმნაში. ეს შედეგი საზოგადოებრივი მენტალიტეტის სახით დღესაც ჩვენს გვერდითაა. ეს მენტალიტეტი გამჯდარია ერის დიდ ნაწილში.

კომუნისტურ პერიოდში სკოლა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. სახლმძღვანელოები ერთიანი, ყველა სკოლაში ერთი და იგივე. მეტიც უმეტესობა ქართული სახელმძღვანელო ითარგმნებოდა რუსულიდან. მთელი სასწავლო პერიოდის მანძილზე მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო იყო ორიგინალური. საქართველოში დაწყებით კლასებში მათემატიკის სახელმძღვანელო იყო შექმნილი საქართველოში. ამას ყოველ წელს ემუქრებოდა გაუქმება და გარკვეული ძალისხმევა იყო საჭირო ორიგინალური სახელმძვანელოს შესანარჩინებლად.

სკოლა
სკოლა არის დაწესებულება სადაც 6 - 16 წლის ყმაწვილი იღებს განათლებას, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის სავალდებულოდ გამოცხადებული. ეს დაწესებულება, სკოლა შეიძლება ეკუთვნოდეს სახელმწიფოს ან სხვა პირს, მაგრამ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული, როგორც სასკოლო განათლების მიმცემი დაწესებულება. რადგან სასკოლო განათლება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულია სავალდებულოდ, სახელმწიფო ნაწილობრივ აფინასებს ამ განათლებას. ყოველ მოსწავლეს გამოეყოფა გარკვეული დაფინანსება, რომელი ტიპის სკოლაშიც არ უნდა იღებდეს განათლებას. ამის გარდა სახელმწიფო უზრუნველყოფს (ფინანსურადაც) მის საკუთრებაში არსებული სკოლის ნორმალურ ფუნქციობას და ამასვე მოითხოვს სხვის საკუთრებაში მყოფი სკოლისაგან.

სკოლისადმი სახელმწიფოს ძირითადი მოთხოვნა არის მოქალაქის აღზრდა. რა მოეთხოვება მოქალაქეს?
- სხვა ადამიანებთან შეგუება, თანაცხოვრების უნარი
- აზროვნების უნარი
- სახელმწიფო ენის ცოდნა
- ელემენტარული წარმოდგენა იმ სახელმწიფოზე და ქვეყანაზე, სადაც ცხოვრობს
- ცხოვრებაში გამოსადეგი ცოდნის მინიმუმი
ამ მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა არის საფუძველი სახელმწიფოს მიერ დაწესებულების სკოლად აღიარებისათვის.

სკოლა როგორც დაწესებულება მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ანუ შენობაზე და მის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ზრუნავს და აკონტროლებს ადგილობრივი მართველობა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაშია სკოლის ადმინისტრაციის ფორმირებაც.

სკოლის დაფინანსება
სკოლის ფინანსებს ორი წყარო უნდა ჰქონდეს: ერთი მოსწავლის დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან. ყოველ მოსწავლეს იმისდა მიუხედავად რომელ სკოლაში სწავლობს სახელმწიფო აფინანსებს, ეგრეთ წოდებული ვაუჩერული დაფინანსება. ეს დაფინანსება დამატებითი წყაროა, ის ვერ იქნება სკოლის არსებობისათვის განმსაზღვრელი.

დაფინანსების ძირითადი წყარო მესაკუთრის გადასაწყვეტი უნდა იყოს. თუ სკოლა საჯაროა, ამ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი იღებს. კანონმა და განათლების სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს დაფინანსების მინიმალური დონე. ეს დონე უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის არსებობას ძალიან მცირე რაოდენობის მოსწავლეთა შემთხვევაშიც კი.

საჯარო სკოლის ბიუჯეტის შემოსავალია: მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი საბაზო დაფინანსება, მოსწავლის მიერ შემოტანილი თანხა (ვაუჩერი). კერძო სკოლის ბიუჯეტი ფორმირდება მშობლის მიერ შემოტანილი თანხით და მოსწავლის მიერ შემოტანილი (ვაუჩერი) თანხით. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება, ბუნებრივია, საბაზო და ვაუჩერული დაფინანსების ჯამის დიდი წილია.

სკოლის კონტროლი
ყოველ სკოლას, საჯაროს თუ კერძოს, აკონტროლებს განათლების სამინისტრო. ეს კონტროლი ეხება მხოლოდ სასწავლო პროცესს, ასრულებს თუ არა სკოლა სახელმწიფოს დაკვეთას. განათლების სამინისტრო ატარებს ზოგიერთ სკოლაში მესამე და მეექვსე კლასის დამთავრების გამოცდებს. სკოლების არჩევანი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ყოველ სკოლას სამ - ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა უწევდეს სასკოლო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოცდა. ამ გამოცდების შედეგი უნდა ახდენდეს გავლენას სკოლის სახელმწიფოს მიერ სასწავლო დაწესებულებად აღიარებაზე.

მეცხრე კლასის დამამთავრებელ გამოცდებს ატარებს თვით სკოლა. ზოგიერთ მათგანის ჩატარებაში მონაწილეობს სასკოლო დეპარტამენტი.

სასკოლო დეპარტამენტი აკონტროლებს სკოლას მხოლოდ სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ მიჩნეულ საგნებში: - ქართული, სახელმწიფო ენა - მათემატიკა (როგორც აზროვნების უნარის განვითარებაში მიღწეული შედეგი) - ისტორია და გეოგრაფია (განსაკუთრებით საქართველოს) - სახელმწიფო მოწყობა (ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ)

სასკოლო დეპარტამენტს უნდა ჰქონდეს წინასწარ (ერთი წლით ადრე მაინც) გამოქვეყნებული მესამე, მეექვსე და მეცხრე კლასის დამთავრებისას მისაღწევი დონე.

მასწავლებელთა მომზადება
სკოლაში მასწავლებელია მთავარი მოქმედი პირი. თუ გვინდა სასკოლო განათლების მოგვარება, პირველყოვლისა უნდა ვიზრუნოთ მასწავლებელზე, მის კვალიფიაკაციასა და მის ღირსეულ არსებობაზე. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ღირსეული არსებობისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა.

მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მისი კვალიფიკაციის შესაბამისად. კვალიფიკაციის დონე მინიმუმ ორი. მასწავლებლის კვალიფიკაციის განსაზღვრა მისი ნამუშევრის შედეგად და არა მარტო საგნის ცოდნით.

მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ზრდას უნდა დაეთმოს გაცილებით მეტი ყურადღება და ფინანსები. ეს არის ერის გადარჩენის ლამის ერთადერთი გზა. თავდაპირველად საკმარისია მასწავლებელთა ორი დონის არსებობა. მაღალი დონის შრომის ანაზღაურება უნდა ორჯერ ან სამჯერ აღემატებოდეს ყველაზე დაბალისას. ეს განსხვავებას პროფესიონალიზმის გაუმჯობესების სტიმული უნდა გახდეს. კვალიფიკაციის მინიჭება სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიებით, მაგრამ მხოლოდ სკოლის მასწავლებელთა ერთობის მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის.

კვალიფიკაცია ძირითადად განისაზღვრება მიღწეული შედეგით, კლასში მუშაობაზე დაკვირვებით. ტესტირებით და გამოცდით მხოლოდ საგნის ცოდნის გარკვევა უნდა ხდებოდეს.

სკოლის კონტროლი და ადმინისტრირება ექვემდებარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. კონტროლის ძირითადი დანიშნულებაა წესრიგი სკოლის მატერიალურ უზრუნველყოფაში. სწავლების კონტროლი სასკოლო განათლების განყოფილებისა და მშობელთა კოლექტივის საქმეა. ცენტრალური მართველობა ზრუნავს სახელმძღვანელოთა არსებობის უზრუნველყოფაზე, ცხრა კლასის დამთავრების სახელმწიფო აღიარების დოკუმენტის გაცემაზე, ანუ სახელმწიფოს მიერ სკოლის ვალდებულებათა შესრულებაზე და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

სახლმწიფოს მიერ დამამთავრებელი გამოცდების ჩატარება საგნებში ქართული ენა, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია, საქართველოს სახელმწიფო მოწყობა. შესაძლოა ფიზიკური განვითარების შემოწმებაც და ერის საგანძურის (სიმღერა, ფოლკლორი) ცოდნა. ეს არ ნიშნავს სკოლის დამთავრების მოწმობას, ატესტატს. ეს მხოლოდ დამამთავრებელი გამოცდების ნაწილია, ის ნაწილი რაც სახელმწიფოს აინტერესებს. დანარჩენი მშობლისა და თვით სკოლის საქმეა.

მუნიციპალური სკოლა - სკოლა ფინანსურად დაქვემდებარებულია მუნიციპალიტეტს - სკოლას ხელმძღვანელობს პედაგოგთა გაერთიანება - სკოლის დირექტორს ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულო პედაგოგთა გაერთიანებასთან შეთანხმებით - სკოლას ზედამხედველობს მშობელთა კოლექტივი (1 - 6 კლასის მშობლები), რომელიც ირჩევს კომიტეტს - მშობელთა კოლექტივის გადაწყვეტილება არის პედაგოგთა საბჭოსათვის განსახილველი რეკომენდაცია - რეგიონში არსებობს სასკოლო განათლების განყოფილება, რომელიც აკონტროლებს საჯარო სკოლაში მიმდინარე პროცესს, თუ რაოდენ შეესაბამება სწავლება სახელმწიფო დაკვეთას - სკოლა წარადგენს სწავლების საკუთარ პროგრამას, რომლის საფუძველზეც მიიღებს ლიცენზიას - ლიცენზიის მისაღებად დამატებით საჭიროა მუნიციპალიტეტის დასკვნა სკოლის შენობაში სათანადო პირობების არსებობის შესახებ. არსებობს სასკოლო განათლების დეპარტამენტი. მისი მოვალეობაა:
- შეადგინოს სახელმწიფო პროგრამა, ჩაატაროს გამოცდები 9 კლასის დამთავრების შესახებ, გასცეს ლიცენზია, როგორც კერძო სკოლას, ასევე საჯარო სკოლას, უზრუნველყოს სახელმძღვანელოთა არსებობა.

პატარა შენიშვნა მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 300 000-ია, სკოლების რაოდენობა 3 000. საშუალოდ სკოლაში 100 მოსწავლეა. თუ ჩავთვლით რომ კლასში 10 - 20 მოსწავლეა. ჩავთვალოთ, რომ მასწავლებლის სამუშაო დღე 6 საათია. ამ დროის ნახევარი ჩავთვალოთ რომ იხარჯება გაკვეთილის ჩატარებაზე, დანარჩენი გაკვეთილისათვის მომზადებაზე, შედეგის გადამოწმებაზე და . . . აქედან გამომდინარე 100 მოსწავლიან სკოლაში მასწავლებელთა რაოდენობა უნდა იყოს 15. დროის ყოველ მომენტში გაკვეთილებით დაკავებულია 10 - 5 მასწავლებელი. ჩავთვალოთ აგრეთვე რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასია 1 000 ლარი თვეში, ანუ 12 000 ლარი წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სახელფასო ფონდი უნდა იყოს 180 000 ლარი. დავუმატოთ ამას შენობის შენახვის და დამხმარე პერსონალისათვის განკუთვნილი თანხა, ვთქვათ 120 000 ლარი, მივიღებთ რომ 100 მოსწავლიან სკოლას სჭირდება 300 000 ლარი. ერთ მოსწავლეზე მოდის 3 000 ლარი, აქედან ვაუჩერით უზრუნველყოფილი იყოს 1 000. მივიღებთ რომ სასკოლო განათლება ქვეყანას დაუჯდება 900 000 000 ლარი. ეს დღევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის 6.6%- ია. აქ არ იგულისხმება განათლებაზე დახარჯული სხვა თანხა. ამ გათვლების შედეგად წარმოვიდგინოთ შემდეგი სისტემა: - ყოველ მოსწავლეს ეძლევა 1 000 ლარიანი ვაუჩერი - ყოველი სკოლა ეკუთვნის ან პირ ოვნებას (შესაძლოა პიროვნებათა ჯგუფს) ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.

საჯარო სკოლა უნდა იყოს ყველა დასახლებულ პუნქტში. ამავე დროს ხელი უნდა შევუწყოთ კერძო სკოლებს, შესაძლოა დასაწყისში გადასახადების შემცირებითაც.