განათლებისა და
მეცნიერების სისტემის
განვითარების
სტრატეგიული
მიმართულებები
(განსახილველი ვერსია)

კმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ როგორც იქნა დავიწყეთ განათლების სტრატეგიაზე ზრუნვა. განათლების სამინისტრომ წარმოადგინა ეს დოკუმენტი. სასიამოვნოა. როგორც თვით დოკუმენტი ამბობს (განსახილველი ვერსიაო) და ერთ ერთი შენიშვნაცაა თვით დოკუმენტშიც "შენიშვნა: მოცემული სტრატეგიული მიზნები და შესაბამისი ამოცანები დაზუსტდება საზოგადოების ფართო წრებთან განხილვის შედეგად. განხილვის ეტაპის დასრულების შემდეგ სტრატეგიის შესაბამისად შემუშავდება სამოქმედო გეგმა." და ბოლოს დოკუმენტის დასასრულს "დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანია მისი ფართო საზოგადოებაში განხილვა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარების ჩართვა. საზოგადოებრივი დისკუსიების ეტაპის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილ დოკუმენტზე დაფუძნებით მომზადდება განათლებისა და მეცნიერების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, ფინანსური და სამოქმედო გეგმა - განისაზღვრება ცვლილებების გატარების კონკრეტული ვადები და პასუხისმგებლობები, შემუშავდება სტრატეგის განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები, დაზუსტდება მოსალოდნელი შედეგები, ინდიკატორები და მათი გადამოწმების წყაროები. გრძელვადიანი სტრატეგის არსებობა უზრუნველყოფს: შესაბამისი ფინანსური რესურსების სწორ მობილიზებას; სხვა დარგობრივ სამინისტროებთან და სტრუქტურებთან ეფექტურ კოორდინაციასა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას განათლების ხარისხის ამაღლებისათვის." მშვენიერია და მისასალმებელია. ციტირებისას მე ჩემ თავს უფლება მივეცი გამოტოვებული ასოები (სადაც შევამჩნიე) შემესწორებინა, მხოლოდ ერთი ასო.

ეს ერისათვის იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ვგულისხმობ განათლების სტრატეგიას, რომ ამგვარი დოკუმენტის დადასტურება ერის თანხმობის გარეშე პარლამენტსაც კი არ შეუძლია. ეს კონსტიტუციაზე მეტ თუ არა მის სადარ დოკუმენტად მაინც მიმაჩნია, ეს ერის მომავალს განსაზღვრავს და უზრუნველყოფს. თუ სწორად წამოვიწყეთ მომავალი გვაქვს. თუ შევცდით, შესაძლოა გავქრეთ კიდევაც.

მაგრამ. შესაძლოა ეს ჟურნალისტების ჩვეული უმეცრებაა. ამ დოკუმენტის თაობაზე მოწოდებული ინფორმაციის პირველი ფრაზა: "საქართველოში, პირველად, განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია შეიქმნა." უკვე შეიქმნა? თუ პროექტია მოწოდებული. აკი განსახილველი ვერსიაო, აკი განხილვაო?

ქვემოთაც ვკითხულობთ "იგეგმება სასწავლო პროგრამების სრულყოფა; . . ." და სხვა ამგვარი. ან მე მოვხუცდი და ვეღარ ვიგებ ან . . . როგორ იგეგმება თუ ჯერ სტრატეგიას ვიხილავთ და დარწმუნებით არ ვიცით როგორი იქნება ეს სტრატეგია. აღარ გავაგრძელებ. კარგი წამოწყება არ ჩაგვეშალოს, როგორც უამრავი რეფორმა.

და აი ამ საჭირო პროექტის ჩემეული შენიშვნები. მხოლოდ 1 - 9 კლასს რაც შეეხება. იქნებ სტრატეგიის დახვეწაში დაგვეხმაროს.

მე მათემატიკოსი გახლავართ და, ბუნებრივია, ვუშვებ რომ რაიმე შეიძლება შემეშალოს (მართალია ნაკლებად ველოდები). თუ ასეა გთხოვთ დამეხმარეთ შეცდომის გასწორებაში.

ვიმეორებ, შენიშვნები ეხება მხოლოდ დოკუმენტის ნაწილს. ეს ნაწილია სასკოლო განათლების 1 - 9 კლასი. ეს არის ის ნაწილი რომელსაც სახელმწიფო სავალდებულოდ თვლის და სრულად აფინანსებს. დანარჩენ ნაწილს არ ვეხები, მიმაჩნია რომ გაცილებით ნაკლები მნიშვნელობისაა (არა დოკუმენტის ნაწილი, არამედ თვით დარგი).

ვეცადე რაც შეიძლება მოკლედ და კონკრეტულად, ამიტომ შესაძლოა ზოგიერთი შენიშვნა ზედაპირული, უმნიშვნელო მოგეჩვენოთ, იმედია დაფიქრდებით და დამეთანხმებით მის მნიშვნელობაზე. ყველაფერს რომ გამოვკიდებოდი წაკითხვა შეუძლებელი გახდებოდა.

შესავალის პირველი აბზაცი ამბობს რომ ამ საქმეში რამდენიმე მიმართულებაა და ყველა (დაწერილს მე ასე ვიგებ) ეს მიმართულება მიზნად ისახავს ეკონომიკურ ზრდას და სოციალურ სტაბილურობას.

სწორედ "ამ სისტემამ (განათლების სფერომ) უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქეთა აღზრდა" მე კი მგონია შრომისა და აზროვნების უნარიანი, საკუთარი ქვეყნის მოყვარული და სათანადო ცოდნით აღჭურვილი ადამიანი.

აქვე. განათლებაზე როდესაც ვწერთ, მაშინ მაინც ვიხმაროთ ტერმინები რელევანტურად. დემოკრატიული ღირებულება? დემოკრატია არის გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და არა ღირებულებათა სისტემა.

"მეორე მხრივ, მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრები ეკონომიკის დივერსიფიკაცისა და საზოგადოების განათლების უზრუნველყოფისათვის რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.." ვიგულისხმოთ რომ ეს მხოლოდ ზედა სფეროს ეხება, ამიტომ მე ამას არ ვეხები.

"განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებების დოკუმენტი ემყარება დოკუმენტით " . . . ალბათ უბრალო შეცდომაა. შინაარსეული შენიშვნა: თუ მხოლოდ ზედა სფეროზეა საუბარი, შენიშვნას არ ვაკეთებ. თუ 1 - 9 კლასსაც ეხება, მაშინ: ეს სფერო თვითონაა ძირითადი და სხვა დოკუმენტს არც უნდა ემყარებოდეს და არც უნდა მისდევდეს.

"განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა" ორივე სასურველია, მაგრამ მათი ერთ ფრაზაში ხმარება ჩემში გაუგებრობას იწვევს. ხელმისაწვდომობის გაზრდა იწვევს ხარისხის დაცემას, ხოლო ხარისხის ამაღლება იწვევს ხელმისაწვდომობის შემცირებას.

"მასწავლებელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლება" მისასალმებელია.

"სკოლამდელ და პროფესიულ განათლებაში ჩართულობის გაზრდა" ვისი ჩართავა?

"ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება" ცუდად ფორმულირებულია. მარტო ამის გაუმჯობესება გვინდა?

"უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია; სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება და განვითარება" მე არ ვეხები.

"დოკუმენტის შექმნის მიზანია სისტემის განვითარების ათწლიანი სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბება." ოდნავი უზუსტობაა. სტრატეგია თვით ეს დოკუმენტია. სრატეგიული გეგმა? ალბათ გეგმის დაწერაზეა საუბარი.

"აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭიროა საზოგადოების ფართო ჩართულობა, აკადემიურ და პედაგოგიურ წრეებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, დონორ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან განხილვა, კონსულტაციები და შეთანხმება." მართალია.

2. რეზიუმე

. . .

"სტრატეგიის განხორციელების პროცესში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტებს წარმოადგენს:
- მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის განვითარება
" არ ვიცი რაოდენ სწორია. რამდენად სახელმწიფოს და მით უმეტეს რამდენად მთავრობის საქმეა? რას გულისხმობენ?

"- განათლების სისტემაში თანასწორობის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა" ხელმისაწვდომობის დამატებით თანასწორობა რაღას ნიშნავს?

"- განათლებისა და მეცნიერების ხარისხის გაუმჯობესება შედეგზე ორიენტირებული ხარისხის მართვისა და მხარდაჭერის სისტემების სრულყოფით" მე უფრო მარტივად დავწერდი: განათლებისა და მეცნიერების ხარისხის გაუმჯობესება შედეგზე ორიენტირებული მართვითა და მხარდაჭერით. მაგრამ აქაც შეკითხვაა: შედეგად რას მიიჩნევ?

"- საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტონომიურობისა და ინსტიტუციური მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა" მივესალმები ავტონომიურობას. რაც შეეხება მუდმივ განვითარებას ეს უკვე ავტონომიურობისა და კონკურეციის შედეგი უნდა იყოს. "ინსტიტუციური მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა" უბრალოდ, არ მესმის. მე მგონი წახლაფორთებული ფრაზაა.

"- საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემაში ყველა დონეზე ჩართული ადამიანური რესურსების განვითარება
- საზოგადოების ჩართულობისა და სოციალური პარტნიორობის გაძლიერება
- განათლებისა და მეცნიერების მართვის სისტემის სრულყოფა
- განათლებისა და მეცნიერების სისტემის დაფინანსების გაზრდა და დაფინანსების მოდელების ოპტიმიზაცია
" ალბათ, ისე რა. საკმაოდ ტრივიალური და ზოგადი სენტენციებია.

"რეფორმების განხორციელების შედეგად დაგროვებული გამოცდილებისა და არსებული გამოწვევების გააზრების საფუძველზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიული ჩარჩო," რომელ რეფორმებზეა საუბარი? აქამდე რა იყო?

"რომლის მიხედვითაც სტრატეგიული მიზნებია:
- სკოლამდელი განათლებისთვის: სასკოლო მზაობის გაზრდის ხელშეწყობა
" ძალიან კარგი მიზანია, მაგრამ განათლება ნიშნავს გააზრებული ქმედების შესწავლის დაწყებას, სკოლაში იწყება, მანამდე არ არსებობს, მასიურად, ბუნებრივია. ამას გარდა ამ დარგს სხვა მიზანიც უნდა ჰქონდეს.

"- ზოგადი განათლებისთვის: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის, სწავლა-სწავლებისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების გზით" ხელმისაწვდომობა თვითონ არის მიზანი თუ სხვა მიზნის მიღწევის საშუალებაა? სწავლა-სწავლება? მოსწავლეთა შედეგის გაუმჯობესება თვით განათლების სისტემის მიზანი არ უნდა იყოს? ახლა ეს თვითონ გადაიქცა განვითარების ინსტრუმენტად?

პროფესიული განათლებისთვის
უმაღლესი განათლების
მეცნიერებისთვის
როგორც უკვე მოგახსენეთ, მე არ მეხება. ისე საინტერესო ტერმინია "უმაღლესი განათლება". ადამიანს რომ თავისი თავი უ მ ა ღ ლ ე ს ა დ განათლებული ეგონება, მასზე უფრო განათლებული რომ აღარ არსებობს. უ ა ღ რ ე ს ა დ განათლებულ ერს მივიღებთ, აბა არა?

ეს კი მართლაც კარგია "შენიშვნა: მოცემული სტრატეგიული მიზნები და შესაბამისი ამოცანები დაზუსტდება საზოგადოების ფართო წრეებთან განხილვის შედეგად. განხილვის ეტაპის დასრულების შემდეგ სტრატეგიის შესაბამისად შემუშავდება სამოქმედო გეგმა."

რეფორმა? თანაც რამდენიმეო?

ოდნავ შევჩერდეთ. თუ დავუკვირდებით უფრო სურვილებია (მიზანი?), ვიდრე სტრატეგია. სამწუხაროდ, შემდგომაც ასეა. მესმის რომ ძნელია, იმედია განხილვა შედეგს მოიტანს.

4.
". . . სამინისტრომ შეიმუშავა განვითარების გრძელვადიანი პროგრამა და ჩამოაყალიბა ძირითადი სტრატეგიები." აკი განხილვაო? ჯერ შეიმუშავა პროგრამა, თანაც გრძელვადიანი და მერე ჩამოაყალიბა სტრატეგია, თანაც რამდენიმე ძირითადიც კი. იმედია დროში მიმდევრობა ისეთი არ იყო როგორც ტექსტშია.

". . . საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს მთელი სიცოცხლის მანძილზე ხარისხიანი განათლების მიღებისა და თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობა . . ." მთელი მსოფლიოს საუკეთესო ნაწილი ცდილობს იპოვოს ვითარება, როდესაც ყველას ექნება თანაბარი უფლება. აქ კი უკვე საუბარია თვითრეალიზების თანაბარ შესაძლებლობაზე. ჯერ ჯერობით ამაზე კარგი რა უნდა ინატრო ვერ წარმომიდგენია, სახელმწიფოს დონეზე, ბუნებრივია.

"განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარება უნდა დაეფუძნოს ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს სამ ძირითად პრინციპს: ავტონომიურობას, ანგარიშვალდებულებას, თანამიმდევრულ და კოორდინირებულ პოლიტიკას განათლების ყველა საფეხურზე და მეცნიერებაში." ? ? ?

"5. სტრატეგიული მიმართულებები
არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა განათლების ყველა საფეხურისა და მეცნიერების სფეროს კრიტიკული საკითხები.
" ყველა რას ეხება საფეხურს, სფეროს თუ საკითხს? კითხვას არ დავსვამდი, რომ არ მენახოს გამონათქვამი "ყველა სკოლის მოსწავლე" რომელშიც კონტექსტის მიხედვით იგულისხმება "სკოლის ყველა მოსწავლე". საკითხებს არაო რადგან მრავლობითშიაო. ამაზეც ვეჭვობ რადგან შემხვედრია "ყველა სტრატეგიები".

დაფინანსებაზე ერთი აბზაცია. უნდა და ვაუჩერის პარალელურად. რა სტრატეგიით არ არის ნათქვამი.

"მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის განვითარება" საინტერესო დებულებაა. ადრე, კომუნისტურ წარსულში მახსოვს ვამაყობდით, რომ საქართველოში მეტი სტუდენტია ვიდრე ბელგიაში, ნორვეგიაში, შვედეთში და ჰოლანდიაში ერთად აღებული. ახლა ვიამაყებთ, რომ სიკვდილამდე ვსწავლობთ. განა ცხოვრება გვასწავლის. არა, თვით სახელმწიფო, შესაძლოა მხოლოდ განათლების სამინისტრო. შემდეგი ეტაპია, გარდაცვალების შემდეგ სწავლების სისტემა. სიმწრის ღიმილია, ბატონებო.

"ამ მიზნით მნიშვნელოვანია განათლების ყველა საფეხურის განვითარება." მაგრამ გვაქვს "უმაღლესი განათლება". ამის შემდგომ საფეხურს რაღა ვუწოდოთ? ზეგანათლება? ქილიკი არ მიყვარს, სხვასაც ვუკიჟინებ ხოლმე. მაგრამ? მაპატიეთ.

"ამ კუთხით პრიორიტეტია . . . კონცეფციის რეალიზებაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვა." მე სკოლების ბედი მაწუხებს. ეს ხომ არ გამოიწვევს უმუშევრების შეცვლას მოსწავლეებით, ოღონდ უკვე ზრდასრული მოსწავლეებით. უმუშევრობასაც ეშველება!?

"განათლების სისტემაში თანასწორობის, ხელმისაწვდომობის და ინკლუზიის უზრუნველყოფა" ეს სამი ცნება ერთი მეორის გვერდით მეჩოთირება და გაგებას მიშლის. თანასწორობა და ამავე დროს მასწავლებელთა გრადაცია? ან მოსწავლეთა შეფასება და გამოცდები? თანასწორობა თუ ერთი და იგივე უფლებები? თუ ამათ ვაიგივებთ, მაშინ პატიებას მოვითხოვ. განვმარტავ, კანონის წინაში თანასწორობა მესმის და ვიგებ. მაგრამ ერთმანეთის წინაშე თანასწორობას ვერ ვიგებ. მაშინ განათლების მინისტრს და მასწავლებელს რატომ აქვთ შრომის განსხვავებული ანაზღაურება?

"განათლების ყველა საფეხურზე განსაკუთრებით პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს განათლების თანაბარი ხარისხი, შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა." განათლების ხარისხი არ არის მხოლოდ მასწავლებელზე, მით უმეტეს სისტემაზე, დამოკიდებული. ამ ხარისხზე გავლენას თვით მოსწავლეც ახდენს. ანუ ერთი და იმავე მასწავლებელთან მოსწავლეთა განათლების შედეგი სხვადასხვაა, ანუ ხარისხი მოსწავლეზეცაა დამოკიდებული. ეს განათლების სფეროს სპეციფიკაა. გასაყიდი ნივთის ხარისხს მყიდველი ვერ ცვლის. მისაღები ცოდნის ხარისხს კი მიმღები ცვლის. დანარჩენი პარამეტრებიც ასევეა. ამიტომ განათლების ხარისხზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ მიწოდების ხარისხზე, ანუ მასწვლებლის ხარისხზე. ანუ ყველა მოსწავლეს ერთი და იმავე დონის მასწავლებელი? ეს ხომ შეუძლებელია. რა ამოცანებს ვეჭიდავებით?

"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მეტი ფინანსური მხარდაჭერა." ჩემგანაც სრული მხარდაჭერა.

ავტონომიურობაზეა საუბარი, რასაც მივესალმები. "ამ მიმართულებით პროგრესს გადამწყვეტი როლი ექნება დეცენტრალიზაციის პროცესის მდგრადი განვითარებისათვის." დეცენტრალიზაციის პროცესის მდგრადი განვითარება კი უკვე მიჭირს. მე კი ავტონომიურობა თავის თავად კარგი მგონია, აქ ამას კიდევ რაღაც ემატება. "ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პოლიტიკა მჭიდროდ უკავშირდება, ერთი მხრივ, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და, მეორე მხრივ, განათლების დაფინანსების მექანიზმებს." ამის გაგება მიჭირს. ჩემის აზრით გააჩნია განვითარებას და განსაკუთრებით რისას.

"საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემის ყველა დონეზე ჩართული ადამიანური რესურსების განვითარება" ამ ნაწილში გარდა საჭიროებისა არაფერია ნათქვამი. განათლების სისტემაში შესაძლოა გამსხვავებული ვითარებაა იმ გაგებით, რომ უმაღლესი თანამდებობაა მასწავლებელი. ამ თანამდებობას იკავებს პირველად მოსულიც, ამიტომ კარიერულ ზრდას აქ სხვა ელფერი უნდა ჰქონდეს.

"განათლება უნდა გახდეს რეალურად ღია სისტემა, მის განვითარებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს საზოგადოებამ, დაინტერესებულმა პირებმა. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში. ეს არის სისტემის მუდმივი განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია როგორც განათლების სისტემაში მოქმედი დაწესებულებების გააქტიურება, ასევე საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების ზრდა და მათი ჩართულობა." სრულიად ვეთანხმები და ვიზიარებ. მაგრამ, როგორ უნდა გახდეს? რა მექანიზმით? სწორედ ესაა მოსაძებნი.

6. ამ ნაწილს "სკოლამდელი განათლება" იწყებს. იმისდა მიუხედავად რომ მე არ მინდა გარდა 1 - 9 კლასისა რაიმე სხვას შევეხო, მაინც გადავწვდები ამ ნაწილსაც. განათლება უკვე გააზრებული მოქმედების შესწავლას გულისხმობს. რადგან საბავშვო ბავშვის ობიექტი ბავშვია, ხოლო მას გააზრებულ მოქმედებას ძნელად შევასწავლით (ბავშვი ძირითადად რაიმეს მიბაძვით ითვისებს), ამიტომ ამ ნაწილს განათლების ნაწილად ვერ მივიჩნევ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ის უყურადღებოდ უნდა დარჩეს. მე მხოლოდ დასახელებაზე ვდაობ.

"ზოგადი განათლება
სტრატეგიული მიზანი:
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების გზით
" ეროვნული მიზანი შეიძლება ასეც ჩამოვაყალიბოთ: მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება. აქვე: ეროვნული მიზანი და არა მიზნები. უფრო ქართულია. მიზანში კი მთელი კომპლექსი შეიძლება იყოს.

"განახლებული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვან კომპონენტებს უნდა წარმოადგენდეს:
ა) მოსწავლეთა პროგრესზე ორიენტირებული განმავითარებელი შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა
ბ) სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე, ციფრული და მულტიმედიური ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენების უზრუნველყოფა და სხვა თანამედროვე სასწავლო რესურსების განვითარება
გ) გამჭოლი კომპეტენციების (წიგნიერება, რაოდენობრივი აზროვნება, სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციები,) და პრიორიტეტების (ეკოლოგია მეწარმეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, და სხვა) განვითარება
დ) ზოგად განათლებაში მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაცისა და კარიერული დაგეგმვის ხელშეწყობა; საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების ინტეგრაცის ხელშეწყობა;
" ა და ბ გასაგებია და მისაღებიც. რას ნიშნავს "რაოდენობრივი აზროვნება"? დანარჩენი იმედია 1 - 9 კლასში არ იგულისხმება.

"სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია უნდა დასრულდეს 2016-2017 სასწავლო წლისათვის." კარგია, მაგრამ გადასაწყვეტია ამ გეგმის შესრულება რა პერიოდებში უნდა შემოწმდეს, რა ფორმით უნდა იყოს ეს შემოწმება, ვინ უნდა ჩაატაროს ეს შემოწმება, სტრატეგიის რომელ პრინციპზე დაყრდნობით უნდა ჩატარდეს ეს შემოწმება. ანუ ჯერ სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს და მერე უნდა ითქვას ყველაფერი ზემოთ ნათქვამი.

და კიდევ უფრო მძიმე თემა, მასწავლებელთა კლასიფიკაცია და კვალიფიკაცია, ახალ მასაპვლებელთა მოზიდვა და ძველთა გადამზადება. ეს ყველაფერიც სტრატეგიის ჩამოყალიბების შემდეგაა გადასაწყვეტი. ბუნებრივია არ იგულისხმება რომ მანამდე ამ თემაზე საუბარი არ იყოს. მაგრამგადაწყვეტილი ტონით საუბარი ნამდვილად უადგილოა.

და ბოლოს იმედის მომცემი განცხადება
"დოკუმენტის საბოლოო ვერსის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანია მისი ფართო საზოგადოებაში განხილვა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარების ჩართვა. საზოგადოებრივი დისკუსიების ეტაპის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილ დოკუმენტზე დაფუძნებით მომზადდება განათლებისა და მეცნიერების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, ფინანსური და სამოქმედო გეგმა - განისაზღვრება ცვლილებების გატარების კონკრეტული ვადები და პასუხისმგებლობები, შემუშავდება სტრატეგის განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები, დაზუსტდება მოსალოდნელი შედეგები, ინდიკატორები და მათი გადამოწმების წყაროები.
გრძელვადიანი სტრატეგის არსებობა უზრუნველყოფს: შესაბამისი ფინანსური რესურსების სწორ მობილიზებას; სხვა დარგობრივ სამინისტროებთან და სტრუქტურებთან ეფექტურ კოორდინაციასა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას განათლების ხარისხის ამაღლებისათვის.

გასაგებია რომ ეს თათარიახნა შენიშვნებია. მეც დავფიქრდები და შესაძლოა რაიმეს შევთავაზებ. აქ უფრო მეტად სურვილებია მოტანილი ვიდრე მოქმედების სტრატეგია. მაგრამ რაც მთავარია, მიზანი მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს და ამ მიზნის მიღწევის სტრატეგიაც, გნებავთ პრინციპიც. ენაც რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს და უბრალო. სრულიად არ არის საჭირო ჩახლაფორთებული ფრაზები და ტერმინები.