მასწავლებელი

მასწავლებლობას რამდენიმე რამე სჭირდება. ჯერ ერთი ურთიერთობის უნარი, უმცროსთან ურთიერთობაზე ვამბობ. არ უნდა ხედავდეს მასში მასზე ნაკლებს, პირიქით უნდა ხედავდეს მასზე მეტი შეაძლებლობის მატარებელს, მასზე მეტად უნარიანს. მასწავლებლის მოსწავლესთან უპირატესობა მხოლოდ გამოცდილებაშია, ცოდნაში (ისიც ძირითადად ხისტ, გაყინულ, არადინამიურ ცოდნაში). თუ მოსწავლის მიმართ მენტორის დამოკიდებულება გაქვს, ჩათვალე რომ საქმე ცუდად წავა. ასე რომ ყველაზე უკეთესი ვითარებაა თანამშრომლობა. ეს შეიძლება უთხრა მასწავლებლობისათვის გამზადებულ ახალგაზრდას, მაგრამ ეს თუ არ მიიღო და გაითავისა, გინდ გითქვია და გინდ არა. ეს უკვე ადამიანის ხასიათის შედეგია. მეორე რასაც მინდა ყურადღება მიექცეს: მასწავლებელი თავისუფალი ადამიანი უნდა იყოს. მას არ უნდა ეშინოდეს შეცდომის, არ უნდა ეშინოდეს საკუთარი აზრის გამოთქმის, არ უნდა ეშინოდეს განსხვავებული აზრის მოსმენის, მასზე საკუთარი შეხედულების გამოთქმის, საკუთარი შეცდომის აღიარების და ბევრი სხვა ამგვარი რამის. ამავე დროს უნდა იყოს უაღრესად თავაზიანი და ზრდილი. ესეც მისი ბუნება უნდა იყოს და არა ხელოვნური საქციელი. მასწავლებელს უნდა ესმოდეს, რომ საკუთარი ქცევით, შესაძლოა, გაცილებით მეტს ასწავლის, ვიდრე გაკვეთილზე კვადრატული განტოლების ფორმულის დემონსტრირებით. ცოდნა? რასაკვირველია, საჭიროა. საგნის ცოდნა სასარგებლოა, რა ჯობია იმას როდესაც უამრავი დეტალი იცი და გახსოვს, საჭირო დროს მაგალითის მოშველიება შეგიძლია. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ დამატებითი. ძირითადი მასწავლებობისათვის, საგნის არსი უნდა ესმოდეს, ღრმად, ვიტყოდი, ფილოსოფიური სიღრმითაც კი უნდა ესმოდეს საგნის, რომელსაც ასწავლის გამორჩეულობა, სხვა საგნებისაგან განსხვავება. თუ ალტერნატივაზე ვისაუბრებთ დეტალების ცოდნას ეს მეორე მიდგომა მირჩევნია. ორივე ერთად, რასაკვირველია, იდეალურია. როგორ გავზარდოთ ამგვარი მასწავლებელი?