ქვეყანა და სახელმწიფო

სახელმწიფო ქვეყანაში ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რასაკვირველია, ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი. სახელმწიფო შეიძლება განვიხილოთ, როგორც მისი მოქალაქეების მიერ შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კონსტიტუცია მისი წესდებაა. იგი სრულიად გარკვეული მიზნისთვისაა შექმნილი. თუ ამ მიზანს კარგად გავიაზრებთ, დავინახავთ რომ სახელმწიფოს არ უნდა მოვთხოვოთ ბევრი რამ და არც უნდა მივცეთ უფლება ჩაერიოს საკმაოდ ბევრ რამეში. res ლათინურად საქმეს ნიშნავს, res publica - საზოგადოებრივ საქმეს.

სიტყვის შინაარსს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომღაც მგონია, რომ რაიმე ფენომენისადმი ერის დამოკიდებულებას სიტყვის შინა არსი კარგად გადმოსცემს. გავიხსენოთ სიტყვა ორსული. მშვენიერი შინა არსი აქვს. ასეთივეა ნათლობა. ყურადღება შინა არსზეა და არა რიტუალზე, როგორც ეს სხვა ენებშია: baptizer (ფრანგული), baptize (ინგლისური) ან крестить (რუსული). იგივე წარმოშობისაა განათლება. შეადარე education (ინგლისური), образование (რუსული). განათლებულს და მცოდნეს ვანსხვავებ. ჩვეულებრივ, განათლებული მცოდნეც არის, მაგრამ ძალიან ბევრია მცდონე და გაუნათლებელი. განათლებული ადამიანის ძირითადი ნიშანია, რომ ის სხვასაც ადამიანად მიიჩნევს და არა მხოლოდ ბიოლოგიურ არსებად. ეს კი ნიშნავს, რომ სხვას პატივს სცემს და საკუთარ კეთილდღეობას სხვის ხარჯზე არ აგებს.

რა შინა არსია სიტყვაში "სახელმწიფო"?. სიტყვა ამბობს, რომ ეს ხელმწიფის საკუთრებაა. ხელმწიფე ვინღაა? ვისაც მწიფე ხელი აქვს? სხვა ენაზე ამ ორგანიზაციის დასახელებას რა შინაარსი აქვს? რუსულად государство, გასაგებია. ლათინურად Res publica, ანუ საჯარო საქმე. ფრანგულად etat, მგონი არსებობიდან მოდის. გერმანულად Staat ან Reich, მდგომარეობა და სამართალი. სამწუხაროდ, მე არა ვარ ენების მცოდნე და შესაძლოა შეცდომაც მომივიდეს. ინგლისურად state, ალბათ გერმანულიდან მოდის. იტალიურად stato, ესპანურად estado. ჩვენი მიზანია მივიღოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო. ამ მიზნის მისაღწევად უპირველესია ერმა, ან მისმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მაინც გაიგოს რა არის სახელმწიფო, რა ფუნქციას ვაკისრებთ მას. რისთვის ვქმნით სახელმწიფოს. რა უნდა მოვთხოვოთ მას და რისი უფლება არ უნდა მივცეთ. ამავე დროს საჭიროა გავერკვეთ ვის ეკუთვნის სახელმწიფო, ვისი საკუთრებაა. ჩვენი სიტყვის მნიშვნელობიდან თუ გამოვალთ სახელმწიფო არის მათი საკუთრება ვისაც მწიფე ხელი აქვს. მე პირადად ამაში მესმის პატიოსანი და მოქმედების უნარიანი ადამიანი. ადამიანი, რომელიც სხვას პატივს სცემს და მშრომელია, რომელიც არ ცდილობს სხვის ხარჯზე იცხოვროს, შესაძლოა, პირიქითაც, ცდილობს სხვას დაეხმაროს. სამწუხაროდ, ჩვენში მწიფე ხელი ბევრს სხვაგვარად ესმის. მათი გაგებით ეს არის ადამიანი, რომელიც სხვას იმონებს, რომელსაც შეუძლია ქვა ისროლოს, ერთი სიტყვით ჰიტლერია ან სტალინი. მათი გაგებით მუსოლინიმ ან ფრანკომაც კი არ ივარგა. ჯერჯერობით სახლმწიფო არა გვაქვს, გვაქვს სახელმკვახო.

როდის გვექნება სასურველი სახელმწიფო? ჩემი შეხედულებით, როდესაც მწიფე ხელის ჩემეული გაგების ადამიანთა რაოდენობა საკმარისი იქნება რათა გააკონტროლოს არჩეული ხელისუფლება. მწიფე ხელის მქონე ადამიანთა რაოდენობა საკმარისად ბევრი უნდა გვყავდეს და ამავე დროს ბევრმა მათგანმა უნდა იზრუნოს ხელისუფლების კონტროლზე. დღეს ეს მდგომარეობა გვაქვს? თუ გვაქვს გვექნება სასურველი სახელმწიფო. თუ არა და ეს მდგომარეობა უნდა შევქმნათ, ამაზე უნდა ვიზრუნოთ.

სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის ტერიტორია და უზრუნველყოს ქვეყანაში წესრიგი. ამ ფუნქციებს ასრულებს საგრეო საქმეთა უწყება, ჯარი, პოლიცია და სასამართლო. ეს უწყებებია სახელმწიფოს ძირითადი საზრუნავი. ამისათვის იხდის გადასახადებს მოქალაქე. ამ ფუნქციის უზრუნველყოფის პირობებში მოქალაქენი იღებენ შესაძლებლობას განავითარონ მათთვის სასურველი საქმიანობა და ამაში მოქალაქენი სრულიად თავისუფალნი უნდა იყვნენ. ამ სამი ძირითადი ფუნქციის შესრულების შემდეგ დარჩენილი რესურსი სახელმწიფომ შეიძლება მოახმაროს სხვა საქმიანობას.

სახელმწიფო მოწყობის სქემა განისაზღვრება იმით თუ რას ვაკისრებთ სახელმწიფოს, როგორც ორგანიზაციას. თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მიზანია ზედამხედველობა გაუწიოს იმას თუ როგორ ასრულებენ მოქალაქეები თავის მოვალეობებს, მივიღებთ ერთ სახელმწიფოს. თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოს მიზანია უზრუნველყოს ადამიანთა უფლებების დაცვა, მივიღებთ მეორე მოდელს. რასაკვირველია, სახლმწიფო მოწყობა ცალსახად არ განისაზღვრება მხოლოდ ამ მოთხოვნით. საჭიროა გავითვალისწინოთ ქვეყნის სიდიდე, მასში გავრცელებული ტრადიცია, დღევანდელი მისი მდგომარეობა, მეზობლები, განათლების უქონლობა, სახელმწიფოს არსებობის გამოცდილება და კიდევ ბევრი სხვა რამ. ყოველივე აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსათვის ოპტიმალურია რაც შეიძლება მარტივი მოდელი.

თუ ჩვენ ვაღიარებთ ხელისუფლების დანაწილებას, რაც მიზანშეწონილია, მაშინ არ უნდა დავუშვათ მათი ერთმანეთში აღრევა. ერთი სიტყვით, კარგია, თუ ეს შტოები მართლაც გამოყოფილი იქნება. ისინი მართლაც გააკონტროლებენ ერთმანეთს. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ადამიანი არ უნდა მონაწილეობდეს ერთდროულად ორ ან სამ შტოში. პარლამენტის წევრი არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი ან მოსამართლე. მოსამართლე არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი და ასე შემდეგ. ერთ ადამიანს არ უნდა დავაკისროთ ორი ფუნქცია. სქემა, რომლითაც მკვეთრად გაიმიჯნება სამივე შტო, მკაფიო, ნათელი და ლოგიკურია.

თუ გვინდა რომ სახელმწიფოს მართვის ცენტრი იყოს პარლამენტი, აუცილებელია ის გავხადოთ ამომრჩეველზე უფრო მეტად დამოკიდებული: ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა გავლენა მიახდინოს პარლამენტის შემადგენლობაზე. ეს გვკარნახობს ბარიერის არ არსებობას (თავისთავადი ბარიერია, რომ ძალიან მცირე რაოდენობას ვერ ეყოლება წარმომადგენელი) და ხშირი არჩევნები. ეს უზრუნველყოფილია როტაციული პარლამენტით. ამავე დროს პარლამენტის ყოველ ცალკეულ წევრს საკმაო დრო ექნება საკუთარი შესაძლებლობის გამოსავლენად.

თუ გვინდა რომ აღმასრულებელი ორგანო იყოს სტაბილური უნდა შევქმნათ ვითარება როდესაც დეპარტამენტების შემადგენლობა არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ანუ არ ელოდება არჩევნებს. ეს ძირითადად ნიშნავს დეპარტამენეტის ფინანსურ დამოუკიდებლობას და მინისტირს არ ჩარევას დეპარტამენტის შინაგან საქმეებში.